понедельник, 25 июня 2012 г.

კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და დედოფლისწყაროელების შეხვედრა მეგონა უფრო დიალოგის რეჟიმში გაიმართებოდა. უ. სულაშვილი

    2012  წლის 2 ივნისს დედოფლისწყაროს მოსახლეობას პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების " წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა უფრო  მშვიდ და   "საზეიმო"(რა გვეზეიმება) ვითარებაში ჩაივლიდა, რომ არა ერთი პატარა, "არასასურველი" შემთხვევა-დედოფლისწყაროში მცხოვრებმა, 75 წლის უშანგი სულაშვილმა შეხვედრის დასასრულ სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. ბერას კლიპის გამაყრუებელი ხმის ფონზე დაიწყო ბ-მა უშანგმა თავისი სიტყვა, რომელსაც, უნდა აღინიშნოს ყურადღებით მოუსმინეს ბატონებმა: კახი კალაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, ბიძინა გუჯაბიძემ,ვახტანგ ხმალაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა და სხვებმა.
  ბ-მა უშანგმა გადაწყვიტა ჩემთან ინტერვიუს მეშვეობით, განემარტა თანარაიონელებისათვის, თუ რისი თქმა სურდა , რა რჯიდა, რა გზავნილი მიაწოდა მან "ოცნების" მესვეურებს.
     -ბ-ნო უშანგ, მე მახსოვს თქვენი აქტიურობა ჯერ კიდევ საქართველოში ეროვნული მოძრაობის  დასაწყისიდან..
    -დიახ, მე სწორედ ეროვნული მოძრაობის აღორძინების წლებიდან ჩაბმული ვარ ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, მე ამ საქმისთვის თავი მაქვს დადებული და არც ეხლა ვაპირებ გულხელი დავიკრიფო და  პასიური მოთვალთვალის პოზიციიდან  ვადევნო თვალი ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მით უმეტეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები კარზეა მომდგარი.
    -მაინც რითაა  ეს არჩევნები ასე განსაკუთრებული და მნისვნელოვანი?
   -განსაკუთრებულია იმით, რომ ამ არჩევნებმა ან უნდა დაუბრუნოს ჩემს ქვეყანასა და ხალხს შელახული ღირსება, ან უარესი სიღატაკისა და  უუფლებობისთვის გაიმეტოს.
   - როგორ აფასებთ ქართულ პოლიტიკაში ივანიშვილის შემოსვლას?
   -მაშინ, როდესაც ჩემს ხალხს, ჩემს ოჯახს ასე უკიდურესად უჭირს,მაშინ, როდესაც აბსოლიტური ავტოკრატიაა გაბატონებული, როდესაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ღატაკია, როცა არ არსებობს საშუალო ფენა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ირღვევა ადამიანის უფლებები, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია თუ ჯრი პოლიტიზებულია და ერთი კაცის ნება-სურვილს ემორჩილება და ემსახურება,განა შეიძლება მე, რიგით ქართველს , ჩემი ქვეყნის შვილს არ მიხაროდეს ალტერნატიული პოლიტიკური ძალის გამოჩენა?! 
    -როდესაც შეხვედრაზე მიდიოდით "ოცნების "წარმომადგენლებთან, წინასწარ განზრახული გქონდათ სიტყვით გამოსვლა? 
   -წინასწარ ნამდვილად არ მქონია განზრახული, თუმცა ჩემი ხალხის სავალალო მდგომარეობაზე გამუდმებით  მიფიქრია; იმედი მქონდა, ჩამოსულები უფრო დიალოგის რეჟიმში წარმართავდნენ შეხვედრას და ხალხის სათქმელსაც მოისმენდნენ, მაგრამ ვინაიდან ასე არ მოხდა, გადავწყვიტე მე თვითონ გამომეჩინა ინიციატივა და ჩემი სათქმელი მეთქვა.
  -მოდით, კიდევ ერთხელ ჩამოაყალიბეთ რა  გზავნილი მიაწოდეთ "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს?
  --ჩემი გზავნილი  სამი პუნქტისაგნ შედგება, ამათგან უმთავრესად მიმაჩნია საქართველოს მოქალაქისთვის ნაციონალობის სტატუსის აღდგენა პირადობის დამადასტურებელ   დოკუმენტში; შემდგომ, გავახმოვანე ჩემი მოთხოვნა, რომელიც ყველა პოლიტიკურ-საარჩევნო სუბიექტს ეხება, რომ მათმიერ ლამაზად შედგენილ და გაფორმებულ დეკლარაციებში ხალხისთვის გასაგებ ენაზე უნდა იყოს   თითოეული აბზაცი, პუნქტი თუ სტრიქონი , ასევე, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ოცნებისეული კონცეპცია მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის შესახებ, ანუ, რა კატეგორიის ხალხი ცაითვლება სოციალურად დაუცველად, საშუალო ფენის წარმომადგენლად და შეძლებულად მათი ხელისუფლებაში მოსვლის  შემთხვევაში, რათა შემდგომ სახელმწიფო სუბსიდიები, შემწეობები, ჯარიმები, გადასახადები თუ შეღავათები განისაზღვროს ამ დეფინიციის მიხედვით.
  - თქვენ განსაკუთრებული აქცენტი ჯანდაცვაზეც გააკეთეთ.
  -ჯანდაცვაზე მართლაც რომ ბევრი აქვს ქართველ კაცს სასაუბრო, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში იმ დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის დაფინანსებაზე  ვაკეტებ აქცენტს, რომელთა გავრცელებაც ხელს უშლის ერის გამრავლებას, ქართული გენოფონდის გაძლიერებას.
  -თქვენ სახალხო დამცველის ინსტიტუტსაც შეეხეთ...
  -დიახ, ჩემი აზრით, სახალხო დამცველი , აბსოლიტურად თავისუფალი რაიმე პოლიტიკური წნეხისა და იარლიყისაგან, უნდა არსებობდეს არა მხოლოდ ერთი და ისიც დედაქალაქში, არამედ ეს ინსტიტუტი უნდა შემოღბულ იქნეს ყველა რაიონში, რათა ხალხმა  ისწავლოს თავისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი უფლებების შესწავლა და დაცვა.
   -მე ვიცი, რომ თქვენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ბრძანდებით, მაშ, რატომ გამოიწვია თქვენმა საჯარო გამოსვლამ, როგორც თქვენ ბრძანეთ, ზოგიერთების  უკმაყოფილება?
  -ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მხარდაჭერა ნამდვილად არ ითვალისწინებს ბრმა ნდობას რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისადმი;ნურავინ ჩათვლის ხალხს იმ ბრბოდ, რომელმაც უახლესი ისტორიის  20 წლიან მონაკვეთში ვერა და ვერ გამოიმუშავა თავის შიგნით პოლიტიკურ-ელექტორალური კულტურა, აი, მე ხალხის წარმომადგენელი ვარ და ნამდვილად ვერ შევაფასებ რომელიმე პოლიტიკურ ძალას  თუდაც  "ჯიბის სისქითა და სიღრმით", ჩემთვის მთავარი არჩევნებში მონაწილე სუბიექტების სამომავლო სამუშაო პროგრამებია. და ვინაიდან დღეს ძალიან ძნელია ხალხის ნდობის მოპოვება, მოვითხოვ  ამ პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები გათვლილი და გაწერილი იყოს დროის მონაკვეთებში და დამოწმებული იყოს ამ შეპირებების ავტორთა ხელმოწერებით, რათა სესრულების შემთხვევაში ხალხმა შეძლოს მადლობა გადაუხადოს მათ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს.
ეს იყო ჩემი სათქმელი და თუ ვინმე ამაში რაიმე ინტრიგანულს და არასასურველს ხედავს, ნამდვილად არ მოვიხდი ბოდიშს და არც ცხენს შევკაზმავ გასაქცევად ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს.
                                                                            

Комментариев нет:

Отправить комментарий