ვზივარ და ვფიქრობ,რა დამიწუნა განათლების სამინისტროს ორმა პირმშვენიერმა ქალბატონმა გასაუბრებაზე, რომელიც მხოლოდ ორ წუთს გრძელდება და ალბათ,გარეგნობის მეტს ვერაფერს შეაფასებ ადამიანი დროის ასეთ მცირე მონაკვეთში.
საუბარია საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ განხორციელებულ უამრავ რეფორმათა შორის ერთ-ერთზე:ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის,რომელიც ითვალისწინებს მცირე ეთნოჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლებას.
ასე,რომ ამ სიახლის შესახებ სამინისტროს ვებ გვერდზე ამოკითხვის შემდგომ,უცებ გადავავლე გონების თვალი ჩემს განვლილ კარიერულ ბიოგრაფიას და აღმოვაჩინე,რომ პროექტის მოთხოვნებთან მიმართებაში აბსოლიტურად ზედგამოჭრილი მონაცემები გამაჩნდა(ნებისმიერი საგნის სპეციალისტებს იწვევენ , ორკვირიანი გადამზადების შემდეგ კი "უმაღლესი დონის" ქართული ენის პედაგოგებად აცხობენ, მე კი 5 წელი ვიღებდი აკადემიურ განათლებას აღნიშნულ სპეციალობაში, ნამუშევარი მქონდა 1 წელი აღნიშნულ პოზიციაზე მარნეულის რაიონის სოფ. ქვემო ყულარში და საკმაოდ წარმატებულადაც,2011 წელს დავამთავრე პროფესიული სწავლების ცენტრი "სპექტრი"ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით,ვწერ სასკოლო ღონისძიებების სცენარებს) და სასწრაფოდ გავაგზავნე ჩემი მონაცემები მითითებულ ვებ მისამართზე,თუმცა (ჩემი ინტერნეტის თუ მათი ვებ გვერდის ხარვეზების წყალობით) რეგისტრაციის დასტური არ მიმიღია,ამიტომაც ჩავიქნიე ხელი და უმუშევრობით გაწამებულმა ინტენსიურად განვაგრძე სხვა ტიპის სამუშაოების ძიება. ტესტირებამდე ზუსტად 2 დღით ადრე დამიკავშირდნენ და მამცნეს,რომ 21 ნოემბერს,კვირას უნდა გამევლო ტესტირება.მოგეხსენებათ,რა ზღვა მასალას იტევს ქართული ენა და ლიტერატურა,ამიტომ, რადგან აბსოლიტურად მოუმზადებელი ვიყავი,არ მინდოდა ტესტირებაზე წასვლა,მაგრამ ბოლოს მაინც გამოვცხადდი, მივიღე დადებითი შედეგი,გადავლახე ზღვრული ნორმა და აი,შემდეგი იყო ის საოცარი გასაუბრება,რომელიც სულ რაღაც ორიოდე წუთი გაგრძელდა.
10 დეკემბერს გამოქვეყნებულ შერჩეულ კანდიდატთა სიაში ჩემი თავი ვერ აღმოვაჩინე და ბევრი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე, ხმამაღლა ვკითხო ორ კეთილად მომღიმარე ქალბატონს,მე რომ გამესაუბრნენ:
რა დამიწუნეთ ქალბატონებო?
1. იქნებ ის,რომ მე მიღებული მაქვს თქვენი პროექტით გათვალისწინებულ პოზიციასთან პირდაპირ შესაბამისობაში მყოფი უმაღლესი აკადემიური განათლება?
2.იქნებ ის, რომ მაქვს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება?
3.იქნებ ის, რომ ვარ აქტიური პიროვნება, სიახლეებისადმი იოლად ადაპტირებადი და გასულ წელს საინფორმაციო ტექნოლოგიებიც კი შევისწავლე?
გარეგნობით დამიწუნეთ,თუ ჩაცმის სტილით?(აბა,2 წუთში რა გახსენით,რისი აღმოჩენა მოასწარით ჩემში,რომ ჩემზე დაბალქულიანი ბიოლოგები,ქიმიკოსები და სხვა სპეციალობების მქონეებიც კი დაასაქმეთ ქართული ენის პედაგოგებად,მე კი პირშიჩალაგამოვლებული დამტოვეთ?)
ბევრი რომ არ გავაგრძელო და თავი არ შეგაწყინოთ, ყველაფერი მიდის ერთ დასკვნამდე:
სანამ შედეგები გამოქვეყნდებოდა ,კერძოდ 7 დეკემბერს ჩემთან დაირეკა,მამცნეს რომ აწარმოებდნენ საზოგადოებრივი აზრის კვლევას და დამისვეს რამოდენიმე შეკითხვა,რომლებშიც ძირითადი აქცენტი დასმული იყო ბ-ნ ბიძინა ივანიშვილზე;კერძოდ აინტერესებდათ,პრორუსულ კანდიდატად მივიჩნევდი მას,თუ პროდასავლურად და რომელ პოლიტიკურ ძალას მივცემდი ხმას არჩევნებზე. მე,რა თქმა უნდა არ დამიმალავს ჩემი სიმპათიები ბ-ნი ივანიშვილისადმი და დავაფიქსირე მკვეთრი პოზიცია.
და ბოლოს...ჩემო კოხტად მომღიმარე ქალბატონებო, ჩემი პოლიტიკური ორიენტაცია ხომ არ არის უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ასე ხელაღებით გამიმეტეთ უმუშევრობისათვის,ჩემი ოჯახი კი მძიმე ფინანსური შეჭირვებისთვის?!

Комментариев нет:
Отправить комментарий