пятница, 20 января 2012 г.

                   მარჯანიშვილის მოედნის დედა-საათი
                  საქართველოს კანონმდებლობის ჭ/უ მუხლის
                       ჭ/ე პუნქტით დასაჯეს!
                                                              
   გაგიგონიათ ასეთი გამოთქმა:"დარდმა კაცს წერა დააწყებინაო?"ჰოდა თუ ასეთი ინტერპრეტაციით არ გაგიგონიათ,იცოდეთ,რომ ინტერპრეტაციაც ჩემია და ის კაციც  მე ვარ;მაგარი დასწყისია არა?ჰო,ზოგი ცხოვრებას იწყებს, ზოგი ფულის ხაპვას, ზოგი აფერისტობას, ზოგი ეკლესიურობას,ზოგი ზიზღიანობას და კილვა-ლანძღვას, მე კიდევ...რა მრჯის? რაღა რა, ასეთი სასწაული რამეები ხდება ჩემს ირგვლივ და ხმაც აღარ ამოვიღო?(ფულს ხომ არ ვითხოვ,წაიკითხეთ-მეთქი,მარტო ამას ვამბობ).
 კუკიაზე ვცხოვრობ და ყოველ სისხამ დილით ცივა, ჰყინავს თუ ცხელა, გამოვდივარ ჩემი ბუნაგიდან(ნუ გიკვირთ, კარგა ხანია,რაც ცხოველურმა ინსტიქტებმა დამიპყრეს;აბა, დილიდან საღამომდე იმაზე რომ ფიქრობ,ლუკმა როგორ იშოვო და მუცელი როგორ ამოიყორო,ცხოველობაა, მაშ რაა?!),ხო. მოკლედ გამოვძვრები ბუნაგიდან,დავეშვები მარჯანიშვილზე და პირველი რასაც ვაკეთებ,მოედანზე მდგარ საათს ვუყურებ და იმ დალოცვილის ციფერბლატზე ისრების მოძრაობასთან ერთდ ვგეგმავ იმდღევანდელ დღეს,ვაკვირდები ჩემს ირგვლივ კანტიკუნტად მდგარ გათოშილ, გამოუძინებელ მშრომელ ადამიანებს და მიკვირს, მათი მზერაც მარჯანიშვილის მოედნის საათზეა გაშტერებული და თითოეული წუთის გასვლას თან აყოლებენ ათასგვარ ფიქრს,სიხარულსა თუ წუხილს; ამასობაში დროც გადის, ახლოვდება ყვითელი ავტობუსი, რომელმაც  სამუშაო ადგილებზე უნდა დაარიგოს მეეზოვეები, დამლაგებლები,მშენებლები, სანტექნიკოსები და ა. შ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც მონური შრომის სანაცვლოდ კაპიკები შეაქვთ ოჯახში და მაინც, ღმერთს მადლობას სწირავენ, რომ მათი მონობა ვინმეს ჯერ კიდევ სჭირდება და სხვა უამრავთა მსგავსად უმოქმედო და გამოუსადეგარი ნივთებივით ცხოვრების სანაგვეზე არ არიან მოსროლილები.
 ეჰ,სასიამოვნოა  განვლილი  დროის  მოგონებები,მით უმეტეს,თუ   ეს დრო სულ რაღაც ორიოდე თვის წინანდელი ისტორიის კუთვნილებაა.
    მარჯანიშვილის მოედნის საათის ისრების ქროლვასთან ერთად ქროდნენ, გარბოდნენ, ხან სულაც მიიზლაზნებოდნენ დღეები, კვირეები, თვეები თუ წლები,უთვალავჯერ უვლიდნენ 24 საათიან დავლურს ისრები,ადამიანები კი მიდიოდნენ, მოდიოდნენ,გარბოდნენ , გამორბოდნენ, თუ გაჩერებებზე იდგნენ, მაინც იმ საათს შესცქეროდნენ და მის დინამიურ წინსვლას ასე თუ ისე ფეხს აყოლებდნენ.ეხლა არ მკითხოთ,რატომო, თორემ   აი,ასე უბრალოდ და მარტივად გიპასუხებთ: უყვარდა ხალხს ის საათი,რომელიც ამდენი ხანი იდგა,იდგა,იდგა და ერთ მშვენიერ დღესაც მასაც დაატყდა თავს გრიგალივით  ევროპულ სტანდარტებზე ორიენტირებული რეფორმათაგან ერთ-ერთი  და შემცირებაში მოჰყვა. ამას მე ჩემი აზრით ვამბობ,თორემ იქნებ რაიმე დააშავა, იქნებ დაარღვია საქართველოს კვლავ ევროპულ სტანდარტებზე შემუშვებული,ყველაზე საუკეთესო და ლიბერალური კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე მუხლი ან  ნორმა და დასჯაში გაწაფულებმა აიღეს   და ისიც დასაჯეს?
   ეს თუ ასე არ არის,მაშ რა იქნა,იქნებ თვითონ აღარ მოისურვა ბერიკაცის გამელოტებული  თავივით მოტიტვლებულ მოედანზე დგომა , ფეხი აიდგა და გაიქცა?არა,არა ვერ დავიჯერებ,რომ ჩვენმა უსაყვარლესმა მერიამ,გამუდმებით ჩვენს კეთილდღეობაზე რომ ზრუნავს,უბრალოდ აიღო და სადღაც შორს მოისროლა თბილისელებისთვის ძმასავით,დასავით,დედასავით,ბოლო-ბოლო ძველი მეგობარივით  თანშეზრდილი საათი;პლეხანოვზე  ხომ  მთავრობის უამრავი წარმომადგენელი ცხოვრობს,განა მათ ნაკლებად უყვარდათ მარჯანიშვილის მოედნის საათი?ბოლოს და ბოლოს,ჩვენი პრეზიდენტი ამ ქუჩაზე ყოფილა გაზრდილი და   უკადრებელს როგორ იკადრებდნენ? ისინი ჩვენზე უფრო მეტი ადამიანები არიან ,ხალხო,დამიჯერეთ,იმათ ჩვენზე უფრო მეტად უყვართ ძველი თბილისის აშუღი-იოსებ გრიშაშვილი,რომელიც ათწლეულების  მიღმადან გვახსენებს:"სიძველისადმი გრძნობა- პატივი,თუ თქვენში მაინც ოდნავ ელვარებს, მიხვდებით  ასე ანდამატივით,რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს!"სხვამ იკითხოს,თორემ ჩვენ  კი  ვიცით,რატომაც გვიყვარს   ჩვენი მთავრობა და ყოველ არჩევნებზე ერთხმადაც ვირჩევთ!
    არა,არა,  მე   მაინც  იმ  აზრზე  ვარ,დააშავებდა ის  დალოცვილი საათი რამეს(სწორედ ეს "რამეა"  საქართველოს კანონმდებლობის ჭ/უ მუხლის ჭ/ე პუნქტით რომ ისჯება), თორემ...თქვენ  რას  იტყვით?!
  

Комментариев нет:

Отправить комментарий